logo
ENG



კალაძის აზრით, პრეზიდენტის განცხადება თურნავაზე "პირდაპირი ზეწოლაა"

21 სექ 202312:39
3 წუთის საკითხავი
 
კალაძის აზრით, პრეზიდენტის განცხადება თურნავაზე "პირდაპირი ზეწოლაა"

ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს ეხმაურება და აცხადებს, რომ პრეზიდენტის განცხადება "პირდაპირი ზეწოლაა დამოუკიდებელი სტრუქტურის ხელმძღვანელზე, ნათია თურნავაზე".

კალაძის თქმით, პრეზიდენტის განცხადებები "ძალიან მძიმე და ცუდია".

"რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირი ზეწოლა დამოუკიდებელი სტრუქტურის ხელმძღვანელზე, ამ შემთხვევაში, ქალბატონ ნათია თურნავაზე... ადამიანი, ვინც პირველი უნდა იყოს, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციას უნდა იცავდეს, ყველაფერს აკეთებს, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს ჩვენს კონსტიტუციას, პატივს არ სცემს კანონებს, რა თქმა უნდა, ამ ადამიანის მიმართ ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება და ის განცხადებები, რაც მოვისმინეთ, ძალიან მძიმეა და ცუდია. რაც გინდათ, ის დაარქვით, ყველაფერი ცხადია, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ხედავს რეალურად, თუ როგორ მოქმედებს ქვეყნის პრეზიდენტი კონსტიტუციასთან მიმართებაში, თუნდაც დამოუკიდებელ უწყებასთან მიმართებაში, ეს არის სამწუხარო რეალობა, თუმცა ყველაფერი დალაგდება და იქნება ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდება", - განაცხადა კახა კალაძემ.

19 სექტემბერს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა

ამ ცვლილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც არაკონსტიტუციური უწოდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვაზე.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ეროვნული ბანკი სამივე ვიცეპრეზიდენტმა დატოვა. ამასთან, საკითხს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი - მან თქვა, რომ სებ-ის საბჭოს წევრად ნათია თურნავას წარდგენას ნანობს და ბოდიშს იხდის. ზურაბიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან თურნავა უნდა გადადგეს.


close დახურვა